“ოჯახის მკურნალის” კითხვებს პასუხობს
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის
სამსახურის უფროსი არჩილ ცერცვაძე.
- ბატონო არჩილ, მედიაციის სამსახური რამდენიმე კვირის წინ სადაზღვვო კომპანიებთან ერთად გასული იყო რეგიონებში მოსახლეობის განსაზღვრულ სოციალურ ჯგუფებთან შესახვედრად. მაინტერესებს, რა ტიპის შეხვედრები ჩატარდა, რა გაკეთდა და რა ჩივილებით მოგმართეს დაზღვეულებმა.
- საზოგადოდ, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მოსახლეობის ინფორმირებას დაზღვევის საკითხებში. ფაქტობრივად, ჩვენი სამსახური შექმნის დღიდანვე ამ საქმიანობას ეწევა. ჩვენ საქართველოს მრავალ რეგიონში ვიყავით, მოვლილი გვაქვს იმერეთი, გურია, აჭარა, კახეთი, რაჭა, შევხვდით რეგიონებში მოქმედ აბსოლუტურად ყველა პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებას და მათ ხელმძღვანელებს, ჯანრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსა და სოციალური სუბსიდირების სააგენტოს წარმომადგენლებს ანუ მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვს დაზღვეულ კონტიგენტთან. ვხვდებოდით დაზღვეულებს: უმწეოებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ისინიც დაზღვეულები არიან), თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს, სოფლის რწმუნებულებს, გამგეობებს, გუბერნატორის აპარატს სოციალური კუთხით.












